სამართლის და ეკონომიკის ცენტრი (CoLE)
სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ საუნივერსიტეტო ბაზაზე ერთობლივად დაფუძნებული სტრუქტურული ერთეულია, რომელიც შეიქმნა 2018 წლის 1-ელ მაისს და მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო, სამეცნიერო თუ პრაქტიკული პროცესების სტიმულირებასა და მონიტორინგს, პრობლემასა და გამოწვევაზე ეფექტურ რეაგირებას, ლობირებას, საზოგადოების ინფორმირებასა და კვლევის შედეგის ადრესატისთვის გაცნობას.
სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის საქმიანობის მიზანია, შექმნას სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში ინტერდისციპლინურ კვლევაზე დაფუძნებული საგნობრივი დისკურსი, ხელი შეუწყოს აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებაში ერთმანეთთან უკუკავშირის განვითარებას დისკუსიისა და სწავლების უალტერნატივო სივრცის ფორმატში, რომელიც საქმიანობას განახორციელებს კომპეტენტურობის, გამჭვირვალობის, მაღალი აკადემიურ-სამეცნიერო სტანდარტის დამკვიდრებითა და პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით.
სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის მისიაა, ჩამოაყალიბოს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური საკითხებით დაინტერესებული ინტერდისციპლინური გარემო, სადაც იდეათა გენერირება მოხდება შესაბამისი დარგობრივი დივერსიფიცირებული დიქოტომიის წარმოშობით. მასში აქტიურად ჩაერთვებიან როგორც სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, ისე პრაქტიკოსი იურისტები თუ ეკონომისტები, ასევე, ახალგაზრდა მკვლევარები და სტუდენტები.
სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი ფუნქციონირებს ორი უმთავრესი მიმართულების მიხედვით. პირველი, კვლევის მიმართულება მოიცავს სამეცნიერო კომპონენტს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეკავშირებული, სხვადასხვა მომიჯნავე და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული კვლევის განხორციელებას. ძირითადი ფოკუსი ამ მხრივ მიმართულია იმ სამართლებრივ პარადიგმაზე, რომელიც ეკონომიკური ურთიერთობისთვის ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - ეკონომიკურ სამართალზე. სამართალი, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური სამართალი, კოგნიტიური მოვლენაა და მისი იზოლირებულად განხილვა სხვა სოციალური სფეროების, სისტემებისაგან შეუძლებელია. ამიტომ ცენტრის კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაც სწორედ ამ ორი სოციალური სფეროს მჭიდრო კავშირის მეცნიერული კვლევაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში სინერგიის ეფექტის მომცემი იქნება.
ცენტრის მეორე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სადისკუსიო ველის არსებობა. სადისკუსიო ველის იდეა გულისხმობს სამეცნიერო წრის წარმომადგენლების, სასამართლო კორპუსის, ადვოკატების, ეკონომიკურ-სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებულ პირებსა და სტუდენტებს შორის ინტენსიური დიალოგის სტიმულირებას სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში მიმდინარე აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე.
სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ დისკუსიის ფორმატი შეუზღუდავია და მოიცავს აკადემიური ხასიათის ფორუმს, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას, მრგვალ მაგიდას, ქართველი თუ უცხოელი პროფესორების მიერ ჩატარებულ საჯარო ლექციებს.
დღემდე ყოვლწლიურად იმართება ფორუმები, რომლის შედეგადაც ჩატარებული მოხსენებების საფუძველზე გამოცემულია წელიწდეულები 2019, 2020, 2022, 2023 წლებში.