საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

უნივერსიტეტის შესახებ

„ალტე უნივერსიტეტი“ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 23 წლიანი გამოცდილებისა და ისტორიის მქონე, სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 45 ქვეყნის 2500-მდე სტუდენტს აერთიანებს 4 სკოლაში: ბიზნესის სკოლა, მედიცინის საერთაშორისო სკოლა, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა. 

თავად „ალტე“ ლათინური სიტყვაა და მწვერვალს, უმაღლეს წერტილს, მისკენ მიმავალ გზას ნიშნავს. ჩვენ გვჯერა, რომ უნივერსიტეტში გატარებული რამდენიმე წელი მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზისა, რომელსაც განათლება ჰქვია. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტმა არამხოლოდ კონკრეტული ცოდნა უნდა გადასცეს სტუდენტს, არამედ უნდა გაუღვივოს მუდმივი განვითარების სურვილი, რათა ის მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობდეს, ისახავდეს ახალ-ახალ მიზნებს, აღწევდეს მათ და იყოს წარმატებული.

ამ ხანგრძლივ გზაზე კი, „ალტე უნივერსიტეტი“ არ იქნება უბრალოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ის იქნება თითოეული სტუდენტისა და კურსდამთავრებულის პარტნიორი, რომელიც დაეხმარება მათ იპოვონ და განავითარონ საკუთარი თავში ის უნიკალური უნარები და შესაძლებლობები, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევთ.
 

მისია
 

ალტე უნივერსიტეტის მისიაა, შევქმნათ განსაკუთრებული საგანმანათლებლო გარემო უახლესი სასწავლო მეთოდებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც პროცესის თითოეულ მონაწილეს მისცემს მოტივაციას სრულად აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი და შესაძლებლად აქციოს ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებლად გამოიყურება. 

 

ჩვენ ვქმნით დინამიკურ აკადემიურ სივრცეს, სადაც ცოდნის მიღება, გაზიარება და ახალი ცოდნის შექმნა გამოყენებითი კვლევის, ინოვაციისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გზით ხორციელდება.

 

ვიაზრებთ რა, თანამედროვე გამოწვევებისა და შესაძლებლობების გლობალურ ბუნებას, ხელს ვუწყობთ კულტურულ მრავალფეროვნებას, ვახალისებთ საერთაშორისო თანამშრომლობას, ვქმნით ტრანსფორმაციის გამოცდილებებს, იმისათვის, რომ ჩვენი აკადემიური საზოგადოების თითოეულმა წევრმა, შეძლოს იყოს წარმატებული მულტიკულტურულ საზოგადოებაში. 

 

განათლების ტრანსფორმაციული ძალით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. თანამშრომლობითა და ჩართულობით კი, ვპასუხობთ ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ გამოწვევებს.
 

ხედვა
 

2031 წლისთვის ვიქნებით საქართველოსა და რეგიონში წამყვანი კერძო უნივერსიტეტი, რომელიც განსხვავებულ, მომავალზე ორიენტირებულ და გამოყენებით კვლევებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების გამოცდილებას შესთავაზებს დაინტერესებულ პირებს, ხოლო ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან დასაქმებისთვის სრულად მომზადებული გლობალური მოქალაქეები, რომლებსაც ექნებათ საჭირო ცოდნა და ყველა უნარი საზოგადოებასა და გარემოზე პოზიტიური ზეგავლენის მოსახდენად.

 

ღირებულებები

 

  • ჩვენ ვისწრაფვით სრულყოფილებისკენ: ვინარჩუნებთ მაღალ აკადემიურ სტანდარტებს, ხელს ვუწყობთ გამოყენებით კვლევებსა და ინოვაციებს და სტუდენტებისთვის ვქმნით განსაკუთრებულ სასწავლო გამოცდილებას.
  • გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა ჩვენი საერთო მიზნების მიღწევისთვის, ინოვაციების ხელშეწყობისა და განსაკუთრებული სერვისის შექმნისთვის ფუნდამენტური პრინციპებია.
  •  პატიოსნება ის ღირებულებაა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს, აკადემიურ საქმიანობასა და პირად მისწრაფებებს. ჩვენ, მუდმივად ვიცავთ ერთგულების, გულწრფელობის, ნდობისა და ეთიკური ქცევის უმაღლეს სტანდარტს. 
  • ჩვენ ვართ მოქნილები: მარტივად ვადაპტირდებით და ვპასუხობთ ახალ ტენდენციებსა და გამოწვევებს, ამასთან ერთად, ვინარჩუნებთ სისწრაფესა და პროაქტიულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 
  • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციებს მუდმივი პროგრესისთვის, აკადემიური წარმატების წახალისებისა და მდგრადი განვითარებისთვის. 
  • ჩვენ ვაფასებთ ცნობისმოყვარეობას და ვუბიძგებთ ჩვენს თანამშრომლებს აღმოაჩინონ ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობები და აქტიურად იმუშაონ როგორც პროფესიულ, ასევე პიროვნულ განვითარებაზე. 
  • ჩვენ გვაქვს მუდმივი მზაობა ახალი ცოდნის აღმოსაჩენად, იდეებისა და ინფორმაციის გასაცვლელად, პერსონალური და აკადემიური განვითარების ხელშესაწყობად.
  • ჩვენ ვქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოს, სადაც წახალისებულია თავისუფალი აზროვნება, განსხვავებული აზრის მიმღებლობა და აქტიური მოსმენის კულტურა, რათა გვქონდეს განსხვავებული შეხედულებებისა და კულტურული გამოცდილებების გაზიარების შესაძლებლობა.
  • ჩვენ ხელს ვუწყობთ თანასწორი, მრავალფეროვანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომლის თითოეული წევრი თანაბრად დაფასებულად და მხარდაჭერილად გრძნობს თავს.